26 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
"ამ ადამიანების ჯამური რეიტინგი არის ნულის ფასი, ენმ თუ ამ ნულებს მიიყვანს იქ და მოისმენს რაიმეს, ეს მათთვის იყოს, ჩვენ გვაინტერესებს" - ღუდუშაური ოპოზიციის შეხვედრაზე

როგორი იქნება ოპოზიციის ერთიანი გეგმა სააკაშვილის საკითხზე - ამ წუთებში "ნაციონალურ მოძრაობაში" ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა იწყება. საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იკრიბებიან.

მათი აზრით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და ერთიანი ძალისხმევით მოქმედებაა. სწორედ ამ თემას შეეხებოდა გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის შიგნით დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაც.

"ამ საკითხში უნდა ვიდგეთ ერთად იმიტომ, რომ ისტორია არ გვაპატიებს იმას, რომ რაღაც უბედურება მოხდეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადეკვატურ, ერთიან და მძლავრ ზეწოლის ფორმებზე. ხვალ აუცილებლად ვიქნებით აქციაზე და შევხედავთ სასამართლო პროცესი როდის და როგორ წავა. ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ვერ გაიწელება უსასრულოდ. ვნახოთ მიხეილ სააკაშვილს ანახებენ თუ არა საზოგადოებას, ესეც პრობლემაა, მალავენ პირდაპირ ადამიანს. ასევე არის პრეზიდენტის ფაქტორიც, მას გააჩნია ხელში ინსტრუმენტი. ბევრი კომპონენტი არის და ჩვენ გვინდა, რომ საერთო გეგმა იყოს აქ, სწორედ ამიტომ მოვედით სასაუბროდ და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით საერთო გეგმაზე," - განაცხადა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

სამოქმედო გეგმა, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება, თუმცა მათი განმარტებით, გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას - მათ შორის იქნება აქციები და რადიკალური ქმედებებიც.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი. ეს იქნება საპარლამენტო თუ მუნიციპალურ დონეზე, ქუჩის აქციები, საერთაშორისო პარტნიორები, მათთან კომუნიკაცია. ყველა მიმართულებით იქნება მუშაობა და კოორდინირებული სვლები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან, დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით პარტიების კოორდინაციაზე განცხადებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. ისინი კონკრეტულ მოქმედებებს და სამომავლო საერთო სტრატეგიას ამ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არასერიოზულად აღიქვამენ.

"ზურა "გირჩი" ჯაფარიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ მივა და თქვენი კითხვა თუ იმასთან მდგომარეობს, რომ გუშინ ბეჟაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთო და ამისთვის იქ იხმეს ზურა "გირჩი" ჯაფარიძე, არ ვიცი, თუ შარვლებს ჩაიხდიან და უკანალებს ვინმეს მიუშვერენ, კარგად არის ცნობილი ეს მისი ყველაზე დიდი საბრძოლო იარაღი, რითაც ჩვენს ოკუპანტებს შეეცადა, რომ შებრძოლებოდა. თუ ამას ცდილობს და ამას გაუზიარებს არ ვიცი, სხვა არც მე მაინტერესებს და არც საზოგადოებას.

ამ ადამიანების ჯამური რეიტინგი არის ნოლის ფასი. "ნაციონალური მოძრაობა" თუ ამ ნოლებს მიიყვანს იქ და მისგან მოისმენს რაიმეს, ეს მათთვის იყოს, არც ჩვენ გვაინტერესებს და არც საზოგადოებას," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები