02 სექტემბერი 2026,   19:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ძმა იუსტიციის მინისტრს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

გიორგი სააკაშვილის შეფასებით, ასე საზოგადოება ნახავს, რა მძიმედ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

"გაასაჯაროონ, ჩვენ მართლა ვერ ვხვდებით, რაზეა საუბარი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მე ხშირად მიწევს მისი ნახვა და მაინტერესებს, როგორც ოჯახის წევრს, როგორც ძმას, რის გასაჯაროებას აპირებენ. ადამიანი ფეხზე ვერ დგება, ძირითადად წევს და უჭირს გადაადგილება და მე არ ვიცი, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი. გაასაჯაროონ, რა თქმა უნდა," - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა.

თემაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ რატი ბრეგაძის გამოსვლა ემსახურებოდა იმას, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ სააკაშვილი სინამდვილეში ცუდად არ არის.

"ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ და იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს, სიმულაციას ეწევა და დაემუქრა კადრების გასაჯაროებით მორიგ ჯერზე - ემსახურებოდა შემდეგ რამეს, რომ საზოგადოებას იქნებ რამენაირად ჩაუწვეთონ აზრი თავში, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის ცუდად, მაგრამ საზოგადოებას ამის აღარ სჯერა," - თქვა მელიამ.

დღის ამბები