17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ახლობლების გადაწყვეტილებით, ლიზა ქისტაურს ბელგიაში დაკრძალავენ - გარდაცვალების მიზეზს ადგილობრივი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე სწავლობს

ბელგია, ქალაქი ანტვერპენი, ჟან დე ვოსლეის ქუჩა - ე.წ. არაბების დასახლება, ქართველი ტრანსგენდერი ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. აპარტამენტში ლიზა ქისტაური მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. კურიერი P.S.-ს ბინა დალუქული დახვდა. ბელგიის საგამოძიებო უწყება გარდაცვალების მიზეზს იკვლევს. 

25 დეკემბერს შემდეგ, ტრანსგენდერი ქალი გაუჩინარდა, კონტაქტი გაწყვიტა მეგობრებთან და დედასთან საქართველოში. შვილის საეჭვო გაუჩინარების შემდეგ, ძებნა დაიწყო დედამ. მალევე პროცესში პოლიცია ჩაერთო.

გვამის იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, შეუძლებელი აღმოჩნდა. საგამოძიებო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ლიზას დედა საქართველოდან ბელგიაში ჩავიდა. 

მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ლიზა ცოცხალია და ცხედარი სხვას ეკუთვნის. 6 იანვარს კი, საქართველოს საკონსულოს ბელგიის პოლიციიდან აცნობეს, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე 26 წლის ტრანსგენდერი ქალი.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - კურიერი P.S.-ს ანტვერპენის საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ტრანსგენდერი ქალი მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს ის სოციალურ ქსელშიც აქტიურად დებდა. ტრაგედიის შემდეგ, გავრცელდა ვერსია, რომ მომხდართან ფაქტთან შესაძლოა კავშირი ჰქონოდა გარდაცვლილის პარტნიორს, რასაც ლიზა ქისტაურის ანტვერპენში მცხოვრები მეგობრები გამორიცხავენ. ირკვევა, რომ მამაკაცი ლიზას გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამშობლოში, ავღანეთში გაემგზავრა.

ლიზა ქისტაურს რამდენიმე დღეში დაკრძალავენ, ბელგიაში, სამშობლოსგან შორს, იქ სადაც ტრანსგენდერი ქალი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ბელგიელი სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ.

დღის ამბები