17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
ყოფილი პირველი პოლიციელი გამოძიებასთან ამ დრომდე, არ თანამშრომლობს - ვანო მერაბიშვილი გამოკითხვაზე რამდენი დღის წინ დაიბარეს

გიორგი შარაშიძემ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტი ჯერ "რუსთავი 2"-ს, შემდეგ კი საგამოძიებო უწყებას დაუდასტურა. მომღერალ "უცნობის" სიძე, ქალაქის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. პოლიციის დატოვების შემდეგ, ექს-პრემიერის ცემის დეტალებზე შარაშიძის ადვოკატმა ისაუბრა. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ფალიაშვილის 15 ნომერში მდებარე აფთიაქთან დაპირისპირება, მერაბიშვილის მხრიდან, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის ირონიულად ხსენებას მოყვა. იურისტის ამბობს, რომ მერაბიშვილი ადგილიდან მალევე გაიქცა. 

2 იანვარს, ფალიაშვილის 15 ნომერში მომხდარ ჩხუბს ავერსის აფთიაქის თანამშრომლებიც იხსენებენ. მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირება აფთიაქის კართან დაიწყო, თუმცა ხალხმრავლობის გამო კონფლიქტის მონაწილეები ვერ იცნეს. 

ვანო მერაბიშვილს რომ ვაკეში სცემეს, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ვატო შაქარაშვილმა გაავრცელა. მოძრაობა "აი ია"-ს წევრი "ნაცმოძრაობის" ლიდერების მიმართ აგრესიას, მათი მხრიდან რევანშისტული სურვილებით ხნის. რაც საზოგადოებას, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს ახსენებს. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა. მერაბიშვილმა მსჯავრი რამდენიმე მძიმე დანაშაულის დამტკიცების გამო მოიხადა. ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება 7 ნოემბრის აქციის დარბევა და ტელეკომპანია "იმედში"  ძალადობრივად შეჭრა. 

მერაბიშვილის ბრალი სასამართლომ, 2011 წლის 26 მაისს მიტინგის არაკანონიერ დარბევაშიც აღმოაჩინა. ნაციონალური მოძრაობის ხერხემლად გამოცხადებულ მინისტრს დანაშაული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც დაუდასტურდა. ექს-ძალოვნის სახელი ფიგურირებდა დეპუტატ ვალერი გელაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის გახმაურებულ დანაშაულში. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ინციდენტი ძალადობის წახალისებად მონათლა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი ამ დრომდე შსს-სთან თავად არ თანამშრომლობს, პარტიაში გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.

გირგვლიანი, 7 ნოემბერი, 26 მაისი - ეს ის სახელები და თარიღებია, რის გამოც მმართველი გუნდის წევრების აზრით, ვანო მერაბიშვილს მორალური პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია. მათი თქმით, ყოფილმა ძალოვანმა სასჯელი მოიხადა, თუმცა მისი პერსონის მიმართ საზოგადოებაში კვლავ ნეგატიური განწყობებია. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალადობრივი გზით პოზიციის გამოხატვას კატეგორიულად ემიჯნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბიშვილის ცემის ფაქტზე საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. მერაბიშვილი გამოკითხვაზე რამდენი დღის წინ დაიბარეს, თუმცა ყოფილი პირველი პოლიციელი გამოძიებასთან, ამ დრომდე, არ თანამშრომლობს.

დღის ამბები