17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
ძლიერი თოვლი, ყინვა და ქარბუქი თბილისსა და რეგიონებში- რა პრობლემები შექმნა უამინდობამ ქვეყნის მასშტაბით

26 კილომეტრიანი გზა, რომელიც ქვემო ქართლს მცხეთა-მთიანეთთან აკავშირებს დღეს სრულად ჩაიკეტა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. მიზეზი დიდთოვლობა, ზვავსაშიშროება და ძლიერი ქარია. თოვლის საფარი თითქმის ერთ მეტრს აღწევს. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე რთული ხილვადობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.

მეოთხე დღეა ინტენსიურად თოვს აღმოსავლეთ საქართველოში. თელავში ისევ შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

თოვს დედაქალაქშიც- დაბალი ტემპერატურისა და ნალექის გამო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თბილსერვის ჯგუფი. იწმინდება ცენტრალური და შიდა გზებიც. დედაქალაქს და მის შემოგარენში 10 ტონამდე ტექნიკური მარილია დაყრილი.

სტიქიას ებრძვის დასავლეთ საქართველოც, საპორტო ქალაქში შტორმის საშიშროებაა. ფოთში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. მოქალაქეების ნაწილს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. ქარმა დააზიანა ქალაქის ნაძვის ხეც ძლიერი ქარის შედეგად ფოთში დაშავდა მერიის თანამშრომელი, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი სტიქიით დაზიანებულ ლოკაციაზე იმყოფებოდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ფოთის მსგავსად ძლიერი ქარია სამეგრელოშიც. ზუგდიდსა და სენაკში წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურაც. ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა შენობას, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზარალს კომისია ითვლის. ადგილობრივმა მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.

უამინდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან იმერეთშიც. სამტრედიაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა საახალწლო განათებებიც, წაიქცა ქალაქის ნაძვის ხეც. აღდგენითი სამუშაოები ზარალის დათვლისთანავე დაიწყება.

სამტრედიის მსგავსად ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც. წაქცეულია ხეები, ძლიერმა ქარმა რამდენიმე კერძო სახლს სახურავიც გადახადა. დაზარალებული ოჯახები პირადად მოინახულეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც მნიშნელოვნად დაიკლებს.

დღის ამბები