03 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
თურქეთში მყოფი პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი "კურიერთან" სტიქიის ღამეს იხსენებს და ემოციებს ვერ მალავს, თურქული მედია კი საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებაზე წერს

ბავშვების ტირილი, ყვირილი, შეშინებული თვალები, ქუჩაში გაქცეული ხალხი და წამებში დანგრეული შენობები - თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ახლა ფრაგმენტებად ინახავს სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ქართველების მეხსიერება.

პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი ქალაქ გაზიანტეპში კოლეგებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად იმყოფებოდა, როცა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. "კურიერთან" ემოციებს ვერ მალავს, როცა სტიქიის ღამეს იხსენებს. არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა ადგილობრივების თანადგომა.

ემოციების გარეშე ვერ იხსენებს მიწისძვრის ღამეს ეპიცენტრში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ელენე გელაშვილი კურიერს უყვება, რომ ქალაქი სადაც ის ცხოვრობდა მთლიანად განადგურებულია.

თურქეთი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორს საქართველო უკვე ეხმარება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები სტიქიის ეპიცენტრისკენ გუშინვე გაემგზავრნენ და უკვე აიდიამანის პროვინციაში სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებისთვის მადლობა თურქეთის საელჩომ გადაუხადა. მთავრობის მეთაურის ამ გადაწყვეტილებას წამყვანი თურქული გამოცემებიც გამოეხმაურნენ. თურქული პრესა წერს, რომ საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში 60 მეხანძრე-მაშველი გაგზავნა. წამყვანი თურქული მედია საშუალებები ასევე აშუქებენ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურებას, სადაც ის თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი ქაჰრა-მან-მარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო.

24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ზონაში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და ინფორმაცია მიაწოდონ მათი ადგილსამყოფელისა თუ მდგომარეობის შესახებ.

მორიგი განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში განმარტავენ, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. საგარეო უწყებამ თურქეთის რესპუბლიკაში დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრაც გამართა. სამინისტრომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა კი საქართველოს მთავრობის მიერ თურქეთისთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართული მხარე თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. სტიქიის დროს ეპიცენტრში საქართველოს ასობით მოქალაქე იმყოფებოდა. დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის ამბები