17 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოსთვის უდიდესი პატივია "აითიბი ბერლინ 2023-ზე" ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა - ლევან დავითაშვილი

პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას "აითიბი ბერლინ 2023-ს" ოფიციალურად გახსნის. გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის მეთაური, სტუმრებს სიტყვით საზეიმო გახსნაზე მიმართავს. ტურისტული გამოფენა კი 9 მარტამდე გაგძელდება. "უსაზღვრო სტუმარ მასპინძლობა" - ამ სლოგანით წარდგება საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე. "აითიბი" ბერლინს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. საქართველოს პერსონალურ სტენდზე საიმიჯო ბანერები, ფოტოები თუ ლოგოები - გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებს საქართველოს შესახებ უყვება. გამოფენა ქართული გალაკონცერტით გაიხსნება.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, რაც არის იმის აღიარება, რომ ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"საქართველოსთვის უდიდესი პატივია "აითიბი ბერლინ 2023-ზე" ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, ეს კიდევ ერთხელ არის მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ნება მომეცით სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება მიღწეული იქნა საჯარო და კერძო სექტორების ყველაზე ეფექტური ჩართულობითა და თანამშრომლობით , რაც თავის მხრივ ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია.

ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო შეუფერხებლად აერთიანებს სხვადასხვა კულტურის ასპექტებს და ამავე დროს ინარჩუნებს საკუთარ უბადლო იდენტობას. ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კავშირის ასპარეზზე ქვეყანა სარგებლობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარეობის ყველა უპირატესობით. საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დინამიური ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ვალდებულება თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ასაშენებლად და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის.

რთული გეოპოლიტიკური გარემოებებისა და გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ზედიზედ ორ წელიწადში დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2021 წელს 10,5%-ი და 2022 წელს 10,1%-ი, რამაც მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ქვეყანა ცდილობს გახდეს კარგად ჩამოყალიბებული ოთხივე სეზონის მთავარი ადგილი და ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მდგრადობაში, ინოვაციურ ინიციატივებსა და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაში. დაინერგა ძირითადი ინიციატივები და სტრატეგიული ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე. საქართველომ მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და მასპინძლობდა რეკორდულ მნახველთა რაოდენობას, თითქმის 3-ჯერ მეტს, ვიდრე საკუთარი მოსახლეობაა, რაც 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებდა. ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ ქვეყანამ გაატარა ეფექტური და სწორი პოლიტიკა რათა მიაღწიოს შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს ამ მიმართულებით.

საქართველოს, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზეა, მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს ენერგეტიკული ხიდის ფუნქციას. მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთის გაზსადენი, ბაქო-სუფსა მილსადენი. ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას და მხარს უჭერს სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკული სისტემების დაკავშირებას 1195 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები