21 დეკემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა" - რა თქვა ღარიბაშვილმა და რას ამბობდნენ დასავლელი ლიდერები

დასავლელი ლიდერები ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა. დასავლელი ლიდერების არაერთი განცხადებაა. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებული განცხადებების შეფასებას შეეხებოდა.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ სხვადასხვა დროს იგივე შინაარსის განცხადებები აქვთ გაკეთებული საფრანგეთის პრეზიდენტს, ამერიკის და ნატოს ოფიციალურ პირებს და რომის პაპსაც კი, რომელმაც იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ნატოს ყოფნამ ახლომდებარე ქვეყნებში მოსკოვის პროვოცირება მოახდინა და შესაძლოა ამან ხელი შეუწყო შეჭრას".

საფრანგეთის პრეზიდენტი კი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ მშვიდობისთვის მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები:

"ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ — როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა — არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარებს მიაღწევს; ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს... ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ, თუ რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს", — განაცხადა ემანუელ მაკრონმა 2022 წლის დეკემბერში აშშ-ში ვიზიტის დროს.

უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში კი, გასული წლის მარტში, france 24-მა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია ზელენსკის პოზიცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი "აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც რუსეთის პროდასავლური მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო". "ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების", - თქვა ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში.

საქართველოს მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, რაც "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუაციაში ჩაწერა.

"დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოს-კენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. [ნატო-ში გაწევრიანებაზე] ჩვენი პოზიცია წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩემი ხელით დავწერე ეს პუნქტი.

რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, "ნაცმოძრაობამ" ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი.

ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები