03 მაისი 2024,   21:20
ვრცლად
სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი ყველა სარჩელი დაუშვებლად ცნო

სტრასბურგის სასამართლოს მორიგ უარს მიხეილ სააკაშვილის მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევს მმართველი გუნდი. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, სტრასბურგისგან პასუხს 2017 წელს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაძევების გამო ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს, ცოტა ხნის წინ სტრასბურგის მიერ ექს-პრეზიდენტისთვის ნათქვამი კიდევ ერთი უარიც გაიხსენეს და თქვეს, რომ პატიმრის ოჯახის მხრიდან დაქირავებული ლობისტების კამპანიას ევროპულმა სასამართლომ საფუძველი ბოლომდე გამოაცალა.

ადამიანის უფლებათა სასამართლომ, საქმე - სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ, დაუშვებლად შვიდივე მოთხოვნილ პუნქტში მიიჩნია. ევროპული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა სამართლებრივი საშუალება ეროვნულ დონეზე. შესაბამისად პრეტენზიები დაუსაბუთებელი იყო.

სააკაშვილის საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - ნაციონალური მოძრაობა სამართლებრივ ნიუანსებზე საუბრობს და არა შედეგზე. ასე მოხდა ამ ბოლო უკრაინის შემთხვევასთან დაკავშირებითაც. პარტიაში ამბობენ, რომ პრობლემა იურიდიულ ნიუანსებშია.

არაერთგვაროვანია კოლეგა ოპოზიციონერების შეფასებები.

სტრასბურგის გადაწყვეტილება დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმაც შეაფასეს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ერთადერთ მიზანს საკუთარი პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილება წარმოადგენს. რაც იმითაც დადასტურდა, რომ მან მის მიერვე გამოცხადებულ მეორე სამშობლოს უჩივლა და საჩივარი მას შემდეგაც კი არ გამოიტანა, როდესაც უკრაინამ მოქალაქეობა აღუდგინა.

ამ დროისთვის, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის 2 სარჩელი რჩება. ექსპრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ევროპული ინსტანციიდან მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის ორი საქმის უკანონოდ ცნობას ითხოვს.

 

დღის ამბები