ჯარის ბანაკის პროექტი ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – "ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია.
"დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, ჯარის ბანაკის პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო თავიდანვე, როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ეს ბანაკი წელს პირველად იმართება. ბანაკში ჯამში, 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას – თითო როტაციაში დაახლოებით 100 მოსწავლე. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლიდან. ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს, რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, თავად გაიგონ, როგორ იმართება ჯარი. თავად ექნებათ ეს უნიკალური შანსი, გაეცნონ სამხედრო საქმიანობას, მიიღონ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს. არა მხოლოდ წარსულში მომხდარ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, სულ რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდური არის ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, საქართველო არის გლობალიზაციის ნაწილი, ამიტომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი.
ოჯახი თავდაპირველად და შემდეგ სახელმწიფო, ვინაიდან თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, ძალიან დიდია განათლების სამინისტროს ჩართულობა და მისი როლი. მათი თვიდანვე, პირველივე დღეებიდან ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, "თავდაცვა და უსაფრთხოება" სკოლებში, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითიდღე იზრდება ინტერესი. ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა.
როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ მომავალ თაობას. მიმაჩნია, ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა გარდა იმისა, რომ მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ, მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებენ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან, ამასთანავე მნიშვნელოვანია, გავზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება ახალგაზრდებში, მეტი ინფორმაცია არის საჭირო ამისთვის. ამ მიზნით უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ ზოგადად, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.