07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბალისტიკური რაკეტები საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით გაუშვეს, მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების წინააღმდეგ იყო მიმართული - ზელენსკი

კრივი რიჰში გლოვის დღეა - რუსეთის სარაკეტო დარტყმამ 6 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი იმსხვერპლა. დაშავდა 75 ადამიანი. მათგან 4 არასრულწლოვანია. რუსეთმა შეტევისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

იერიშები იყო ხერსონზეც - დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 17. მათ შორის არის მოზარდიც. შაჰიდის დრონებით მოხდა თავდასხმა ხარკოვზე. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

აფეთქებები ისმოდა მოსკოვშიც - მორიგი იერიში რუსეთის დედაქალაქზე დილის საათებში მიიტანეს. სამიზნე ამჯერადაც "მოსკოვ-სითის" ცათამბჯენი იყო. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მხოლოდ შენობის გარე ფასადი.

მოსკოვის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მიმართულებით რამდენიმე დრონი იყო გაშვებული და ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, თუმცა ერთი მათგანი სამიზნეს მაინც მოხვდა. უკვე ცნობილია, რომ მომხდარში ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა უკრაინას ადანაშაულებს. კიევში კი ჯერჯერობით განცხადებებს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ "მოსკოვ-სითის" ცათამბჯენზე, ეს უკვე მეორე შეტევაა. უპილოტო საფრენი აპარატით შენობას თავს 2 დღის წინაც დაესხნენ.

"იყო დიდი აფეთქება. აფეთქების ტალღამ კაცი, რომელიც ჩემი სახლის შესასვლელთან დარაჯად მუშაობს, რამდენიმე მეტრის მოშორებით მოისროლა. ძალიან შემეშინდა. ასეთი რამ უკვე მეორედ ხდება" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

კრივი რიჰში საოკუპაციო ძალამ ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. შედეგად, ჩამონგრეულია ერთი სადარბაზოს 5 სართული. მიწასთან არის გასწორებული ასევე ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაც. დილიდან ისმოდა აფეთქებების ხმა ხარკოვშიც, სადაც საერთო საცხოვრებლის 2 სართულია ჩამონგრეული.

"ბალისტიკური რაკეტები საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით გაუშვეს. ეს ყველაფერი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ჩვეულებრივი ადამიანების, ბავშვების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არის ტერორიზმი, რომელსაც სხვანაირად მსოფლიოში არავინ უწოდებს. ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია დავამარცხოთ ტერორისტული სახელმწიფო, არამედ უზრუნველვყოთ სამართლიანობის გამარჯვება. მაგრამ, ამისთვის უნდა გავზარდოთ თანამშრომლობა და ზეწოლა აგრესორზე ყოველდღე, ყოველ კვირა, ყოველ თვე. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება ომის 524-ე დღეს, კვლავ მძიმე შეტაკებები იყო ღამე ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალის კონცენტრაციის 10 ზონაზე მიიტანეს იერიში. ძალოვან უწყებაში ამტკიცებენ, რომ აგრესორს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების კუთხით. ამ დროის მონაცემებით ლიკვიდირებულია 500-მდე რუსი ჯარისკაცი.

დღის ამბები