ტრამპის ბრალსა და 2020 წელს საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის უმრავლესობა გარკვეულ პარალელს ავლებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ იმავე ქმედებებს ახორციელებდნენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, რისთვისაც ტრამპს ბრალი წაუყენეს.
ისინი იხსენებენ ისფედის პარალელური ხმის დათვლის წინასწარ შედეგებს, რომელშიც, როგორც შემდგომ გაირკვა, შეცდომა იყო, რასაც მათი განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რისთვისაც ტრამპს ბრალი წაუყენეს ნახევარი ოპოზიცია იმავეს აკეთებდა საქართველოში.
"როდესაც ვკითხულობდი ტრამპის ბრალს მეგონა, რომ ბოლოში დაწერდნენ სამართლიან არჩევნებს. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც გადადგა, პირდაპირ თქვა, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდა სათავო ოფისს, რომელსაც კავშირი ჰქონდა ამერიკის საელჩოსთან, ამის ფონზე ოპოზიციის ლიდერები, თითქმის თვე ნახევრის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს ურტყამდნენ და საზოგადოებას არწმუნებდნენ იმაში, რომ ცესკოს-ს შედეგები იყო ყალბი, რაც პირდაპირ წერია ტრამპის ბრალდებაში. იმ ქმედებისთვის, რაც აქ ჩაიდინა სამართლიანმა არჩევნებმა ამერიკაში პრეზიდენტს იჭერენ და ამერიკის ელჩი გვეუბნება, რომ იმავე ქმედებისთვის, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა ჩაიდინა, ყოფილა სანდო ორგანიზაცია. ნახევარი ოპოზიცია, რისთვისაც ტრამპს წაუყენეს ბრალი, ანალოგიური შინაარსის ქმედებებს ახორციელებდა. ნახევარზე მეტს წასაყენებელი აქვს ბრალდება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
"ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რასაც დღეს ტრამპს აბრალებენ, საქართველოში იმავეს აკეთებდნენ გარკვეული ენჯეოები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
"ამ საქმეში ყველაზე საინტერესო კონტექსტი არის ის, რომ რასაც დღეს ტრამპს აბრალებენ, იმის ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გარკვეული ენჯეოები და სამწუხაროდ, საელჩოს წარმომადგენლებიც. ეს ხდებოდა 2020 წლის არჩევნებზე, სადაც მათი მხრიდან იყო გაყალბებული წინასწარი კვლევები და მონაცემები მიზანმიმართულად და ამაზე, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა არავის არ აუღია. აქაც ჩანს, როგორ მიმდინარეობდა 2020 წლის არჩევნების დროს, სიცრუისა და სიყალბის პროპაგანდა და ეს ყველაფერი ხდებოდა არა "ქართული ოცნების", არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი გადაწყვეტილების წინააღმდეგ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.