ტრამპის ბრალსა და 2020 წელს საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის უმრავლესობა გარკვეულ პარალელს ავლებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ იგივე ქმედებებს ახორციელებდნენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, რისთვისაც ტრამპს ბრალი წაუყენეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკაში სჯიან ადამიანებს, რომლებიც ტყუილს ამბობენ, ხოლო საქართველოში მსგავსი შემთხვევისას "სამართლიან არჩევნები" უფრო წახალისდა.
"ჩვენ ვნახეთ, რა არის ამერიკის სტანდარტი – ვინც ამბობს ტყუილს, ავრცელებს დეზინფორმაციას, ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არის დეზინფორმაცია, მას ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენთან პირიქით დატრიალდა, 2020 წელს ვნახეთ „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, იყო მთავარი მიმცემი იმ ყალბი კამპანიის, რომელსაც ერქვა გაყალბებული არჩევნები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ არა თუ რაიმე პასუხისმგებლობა იგრძნო, პირიქით, უფრო წახალისდა. „სამართლიანი არჩევნების“ ისტორიაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის აღიარებაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოუწია ამ ორგანიზაციას. თუმცა, ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბა. პირველი სხდომის დღის ბოლოს აღიარეს შეცდომა, მანამდე ელოდებოდნენ. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ მიზანი – უნდობლობის გაჩენა საზოგადოებაში, ბრაზის ატმოსფეროს შექმნა და ამით პარლამენტის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
რამდენიმე კვირით ადრე, ნოემბერშივე მათ აცნობეს საკუთარ დონორს, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID), რომელმაც არაფერი უთხრა არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საზოგადოებას, რომლისთვისაც ეს სააგენტო უნდა მუშაობდეს. როგორც „სამართლიანი არჩევნები“ მალავდა, რომ ეს შედეგები არ იყო სწორი, როგორც ჩანს, ასევე მალავდა დონორიც. დონორ ორგანიზაციასაც დღემდე განმარტება არ გაუკეთებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამაზე USAID-მა გააკეთოს განცხადება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით "სამართლიანმა არჩევნებმა" სამი კვირის განმავლობაში იცოდა მის მ მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ და არაფერი არ თქვა, რის გამოც ქვეყანა გადატრიალების საფრთხის წინაშე დადგა.
"წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს ეს მოცემულობა. 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაში როგორ იქცეოდნენ ქვეყნის რადიკალი ძალები და რას ამბობდნენ. "სამართლიანმა არჩევნებმა" სამი კვირის განმავლობაში შეგნებულად დამალა PVT-ის მოცემულობა, რის გამოც ლამის ქვეყანა გადატრიალების საფრთხის წინაშე დადგა. USAID-მა იცოდა ამის შესახებ და პროცესებში ერთ-ერთ ფასილიტატორად იყო ჩართული", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.