17 ივნისი 2024,   19:04
ვრცლად
ჯოჯოხეთური საათები და მამისონის უღელეტხილზე გატარებული ღამე - რა გზა გაიარეს ევაკუაციამდე და რას ამბობენ "კურიერთან" სტიქიას გადარჩენილი ადამიანები

ყველაზე პატარა, ვინც შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და საბედისწერო დღეს გადაურჩა, სამი თვისაა. რაჭაში, მოულოდნელად მოვარდნილ ღვარცოფსა და მეწყერს ოჯახთან ერთად რამდენიმე წუთით ადრე გამოასწრო. უსაფრთხო ადგილამდე მაშველებმა მიიყვანეს და ღამე მამისონის უღელტეხილზე გაათენეს. დილით კი, სამაშველო ვერტმფრენიც გამოჩნდა.

გადარჩენილები უსაფრთხო ადგილას ვერტმფრენმა დააბრუნა. ნანახის და გადატანილის დავიწყება უჭირთ. ემოციებიც მძიმეა. ყველა მათგანი ამბობს, რომ გადარჩენის იმედი ბოლო წუთამდე არ დაუკარგავთ, თუმცა გზაში დაკარგეს ადამიანები. იხსენებენ, იქაურობა სამმეტრიანმა ლაფმა როგორ დაფარა და როგორ განადგურდა ირგვლივ ყველაფერი.

"დიდი ხმა გავიგონეთ შოვი აღარ არსებობს... ყველაფერი წაიღოო" - ჯოჯოხეთი - გზას, რომელიც ტალახსა და ღვარცოფში გამოიარეს, ამ ერთი სიტყვით აღწერენ. სტიქიას გადაურჩა მარიამ ბერიანიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 საათი ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში გაატარეს. დაინახა, როგორ წაიღო მის თვალწინ სამი ადამიანი წყალმა.

"კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვნიან," - ამბობს სტიქიას გადარჩენილი.

უსაფრთხო ადგილას ადამიანები ტყიდან მაშველებმა ღამითვე გადაიყვანეს.გათენებას იქ 150-მდე ადამიანი ელოდა. დილით კი ზოგი ვერტმფრენებით, ზოგიც საფეხმავლო ბილიკებით სამშვიდობოს გამოიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში მათზე მაშველები ზრუნავდნენ, მიჰქონდათ წყალი, საკვები და საჭირო ნივთები. უმრავლესობა ონში გადაიყვანეს და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს. გადარჩენილებს შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

მაშველებთან ერთად გმირობის ისტორიები დაწერეს ამ ადამიანებმაც, რომლებიც სტიქიის ზონიდან გამოსულებს ისე ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. საკვებით და თავშესაფრით.

გადარჩნენ ბავშვებიც, რომლებიც შოვში სალაშქროდ იმყოფებოდნენ და მეწყერის ჩამოწოლის მომენტში საზაფხულო ბანაკში ბრუნდებოდნენ. სტიქიის ზონიდან გამოსულები კადრებს სამაშველო ვერტმფრენიდანაც იღებდნენ.

უბედურების ზონაში ჩარჩენილები გადასარჩენად ამ წუთებშიც იბრძვიან. მოლოდინიც უფრო მძაფრდება, რომ დაკარგული ადამიანები ოჯახებს დაბრუნდებიან.

 

 

დღის ამბები