15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
დეზინფორმაცია შოვის ტრაგედიაზე - რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორია მმართველი პარტიის ოპონენტების შეფასებები

შოვის ტრაგედიაზე დეზინფორმაციის კამპანიური სახით გავრცელების მიღმა, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესებული პირების გარდა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილის მიზნებს ხედავს. შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიიდან დღემდე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია შეაჯამა და კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა. მისი თქმით, დეზინფორმაციაა, თითქოს შოვში საფრთხე პროგნოზირებული იყო და რისკები სათანადოდ ვერ შეფასდა. შალვა პაპუაშვილმა ასევე სიცრუე უწოდა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე რომ კოტეჯებზე ნებართვები ამ ხელისუფლების პირობებში გაიცა და საზოგადოებას შეახსენა, რომ რეალურად ისინი 60-იან წლებში აშენდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე ტყუილია რომ ადგილზე ტყის უკანონო ჭრა ხდებოდა, ან ის რომ მდინარე ბუბის წყლის დონე ტრაგედიამდე შემცირებული იყო. დღეს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განიმარტა ისიც, თუ როგორ მოხდა ვერტმფრენებთან ერთად საჭირო ტექნიკის მობილიზება.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის საზოგადოებაზე ინფორმაციული შეტევის ნაწილია ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციისთვის სიყალბეზე აგებული მასალების გავრცელება. შალვა პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაციულ კამპანიას ხელს იმ ორგანიზაციების დუმილიც უწყობდა, რომელთან საქმიანობაც სწორედ ცრუ ფაქტების გამოვლენაა.

დეზინფორმაციის გავრცელებაში საკუთარ როლს ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ. ბრალდებებს არ იღებენ და ამბობენ, რომ ის ვინც ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა თემებზე ცდილობს თავად სახელისუფლებო პარტიაა.

რა მიზანი აქვს სიცრუის ტირაჟირებას და რას ემსახურება ყალბი მასალების გავრცელება-მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანა ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაჩენაა.

მმართველი პარტიის განცხადებები ოპოზიციის ნაწილისთვის მხოლოდ ბრალდებაა. ინფორმაციის კონტროლის ნაცვლად ”ნაციონალური მოძრაობა” სახელისუფლებო ძალას მიმართავს მხარი დაუჭიროს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. თინა ბოკუჩავას ამბობს, რომ კომისიამ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზთან ერთად სახელმწიფოს რეაგირებაც უნდა შეისწავლოს.

”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას ამ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევენ ადრესატები. ”ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ დგას.

ტრაგედია შოვში 3 აგვისტოს მოხდა და მას შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური ურთიერთ ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.

დღის ამბები