ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას "სტრატეგია აღმაშენებელიც" უერთდება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია კომისიამ დაადგინოს რა მოხდა რაჭაში და იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური სახელმწიფოს მხრიდან.
"გაჩნდა კითხვები ხელისუფლების მიმართ - რატომ არ არსებობს საევაკუაციო გეგმა საშიშ ადგილებში, რატომ არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო სამსახურები, რატომ შეიძლება რომ ღამე ვერ დავეხმაროთ მოქალაქეებს სტიქიური უბედურების დროს და რატომ არ ხორციელდება გარემოზე მონიტორინგი- ამ კითხვებზე პასუხი ყველას აინტერესებს და ამიტომაც უნდა შეიქმნას საევაკუაციო გეგმა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "ლელოში" კი აცხადებენ, რომ ყველა იმ პირის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვისაც პრევენცია უნდა მოეხდინა ან მოხელის ვალდებულება არასათანადოდ შეასრულა.