შოვის ტრაგედიამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. ”ნაციონალური მოძრაობის” მოწოდება ადრესატებმა ”პოლიტიკური ისტერიის შექმნის” მცდელობად შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ აირჩიეს ოპონენტებმა რთული გზა. შალვა პაპუაშვილი კოლეგებს რეგლამენტის გადახედვას ურჩევს და შეახსენებს, რომ ოპოზიციას არაერთი მექანიზმი გააჩნია.
რა მოხდა შოვში, რამ გამოიწვია ტრაგედია და რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფოს რეაგირება-ეს ის მთავარი შეკითხვებია, რომელზეც პასუხსაც ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს. იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ამ ეტაპზე საკმარისი ხმების მობილიზებას ოპოზიცია ჯერ საკუთარ ფლანგზე ცდილობს.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს, თუ შესაბამისი დასკვნები შეკითხვებს მაინც დატოვებს. მანამდე, მმართველი გუნდი ოპონენტების ნებისმიერ მსგავს ინიციატივას მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესად აფასებს.
საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხობს გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი ანგარიში და გუშინ, მათ მიერ დამატებით გამოქვეყნებული ინფორმაცია. სააგენტომ სატელიტური სურათები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მდინარე ბუბის წყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდე-ზვავური მასის ჩამოშლას, რამაც 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა მოწყვიტა. ამ პროცესმა კი თავის მხრივ მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია. სააგენტოს ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ კლდე-ზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ხეობაში მეტეოროლოგიური სადგურიდან და რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, კი მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტიც არ დასტურდება. სატელიტური სურათების და არსებული მასალების დამუშავების შედეგად სააგენტოში აქცენტს სტიქიის კომპლექსურობასა და მისი პროგნოზირების შეუძლებლობაზე აკეთებენ.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი