„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება.
მეგრელიშვილის თქმით, ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რადგან ამიერიდან, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, გაიზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ვიზიტი თავისი პოლიტიკური არსით უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 6 დოკუმენტს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, ასევე, ღიად გაკეთდა განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმება და დაიწყო ახალი ეტაპი ქართული სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში. დიახ, სწორედ ეს ვიზიტი გახდა საფუძველი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, აუცილებლად გაიზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები. დიახ, ეს ვიზიტი ახალი სტიმულია ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შედეგია ის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა. მაგალითად, 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია და დინამიკაში თუ დავაკვირდებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. დიახ, საქართველო ხელსაყრელი გარემოა რომ გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი ჰაბი და პრემიერმინისტრმა სახელისუფლებო გუნდთან ერთად გააზრებული პოლიტიკური სვლით სწორედ ეს შეახსენა გიგანტ სახელმწიფოებს. ეს პატარა ქვეყანა - საქართველო, ისტორიულად ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამადვე რჩება და სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა უნდა იქცეს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის საფუძვლად. ახლა მთავარია მშვიდობა, მშვიდობა რომელსაც სახელისუფლებო გუნდი და მთავრობა ინარჩუნებს. წარმატებები ჩვენს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად დიდი პერსპექტივის მქონე ქართულ სახელმწიფოს“, - წერს მეგრელიშვილი.