შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში სტიქიის დროს თვითმფრინავების ჩართვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა, თუ რატომ არ იყო ღამით თვითმფრინავების აფრენა მიზანშეწონილი.
მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორია დღისითვე დათვალიერდა, მაშველებმა ვერ ნახეს იმ ტერიტორიაზე ჩარჩენილი ადამიანები, ამიტომ ღამე მაღალი ტექნოლოგიისა და სითბური ხედვის დრონებით გააგრძელეს მუშაობა.
"გუშინდელ ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი ატყდა ვერტმფრენებთან დაკავშირებით. მგონი, გასაგებად ავხსენი გუშინ - ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვაქვს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს თბილისის აეროპორტიდან, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს სიმაღლეზე, რა თქმა უნდა, შეუძლია ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ - ვერტმფრენი ჩამოვიდა, დაახლოებით, 6 საათზე, ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ, დაახლოებით 70 კაცამდე გამოიყვანეს. ამასთან ერთად მუშაობდა 4-5 დრონი, თავის სითბურებით, რომლებიც ვერტმფრენის შემოფრენაზე მეტად უფრო ხედავს. მაღალი ტექნოლოგიის დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობდა 5 თუ 6 დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეზე. კითხვას ვსვამ - ვერტმფრენიდან უფრო კარგად დავინახავდით, თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვისა და სითბური დრონებით?! დღისით დათვალიერდა ეს ტერიტორია თითქმის მთლიანად, არავითარი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმა რაც გააკეთეს, კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.