აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა.
შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საზღვაო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა.სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.
2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.
Airbnb -ის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძო ბინების დატვირთულობა 2023 წ. 7 თვის (იანვარ-ივლისი) გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +38%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია + 58%-ით.
ბათუმი სექტემბრის ბოლოს მსოფლიო ტურიზმის გალა დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საორგანიზაციო საკითხები განიხილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.