15 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
გაუგებარია ელჩი, რომელიც ასრულებს თავის მისიას და რომელიც თითქოს და მოუწოდებს დეპოლარიზაციისკენ, გააკეთოს განცხადებები, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები აღძრას - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე ზემოქმედება გამორიცხულია და მისი უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად დაცული და გარანტირებული. ამის შესახებ მან კელი დეგნანის იმ განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ "ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის, როგორ მუშაობს".

გივი მიქანაძისთვის ელჩის განცხადება გაუგებარია, ვინაიდან ის თავისი შინაარსით საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. 

"ეს ელექტრონული სისტემა, რაც ქალბატონმა ელჩმა განაცხადა, აბსოლუტურად არ არის ჩართული ინტერნეტ ქსელში, ეს არის ლოკალური ხასიათის, ამიტომ მისი უსაფრთხოების სისტემა არის სრულიად დაცული და გარანტირებული. ამიტომ, რაიმე სახით მასში ჩარევა ან გარე ზემოქმედება ფიზიკურად შეუძლებელია და გამორიცხულია. სწორედ ამ ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია, ელჩმა, რომელიც ქვეყანას ტოვებს და ასრულებს თავის მისიას და რომელიც თითქოს მოუწოდებს დეპოლარიზაციისკენ, გააკეთოს განცხადებები, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში გარკვეული ეჭვების აღძვრა. მათ შორის, იმ სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია წამყვანი ქვეყნების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, საიმედო და არანაირი მანიპულაციების შესაძლებლობის მქონე," - აცხადებს გივი მიქანაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კელი დეგნანი 2 თუ 3 წლის წინ თავად ითხოვდა ელექტრონული არჩევნებს. 

"ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, არამხოლოდ თავად ამერიკის საელჩო და ამერიკის ელჩი, არამედ ევროკავშირის წარმომადგენლობა და შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმება რაც შედგა, სწორედ აქ იყო ჩაწერილი, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ისე, რომ უზრუნველეყო ეს ელექტრონული არჩევნები. ახლა, რაც კელი დეგნანმა განაცხადა, აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოხსნა იმის, თუ როგორ შეიძლება ასე საჯაროდ და ღიად შეურაცხყოფა მიაყენო ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თითქოს ეს იყო საუკუნეების წინ ვინმეს ნათქვამი და ახლა კელი დეგნანი ამბობს განსხვავებულს რამეს. ამ დროს, სულ რაღაც 2 თუ 3 წლის წინ თავად ითხოვდა ამას. მეტიც, რამდენიმე თვის წინ იყო ამ კანონპროექტზე საუბარი და ოპოზიციის ნაწილმა მხარიც კი დაუჭირა ამას. ახლა კი, რატომღაც აღმოჩნდა, რომ თურმე ელექტრონული არჩევნები სახიფათო ყოფილა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგასენებთ, ელექტრონული არჩევნების სისტემაზე კელი დეგნანმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები