საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
"2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.
მედვედევი წერს, რომ არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება და მზად არიან, პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადაწყვიტონ, მაგრამ თუ რუსეთის შეშფოთება რეალურ კონტურებს შეიძენს, არ დააყოვნებენ.