15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
"პუტინი არასოდეს პატიობს... ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ" - რას აცხადებენ საერთაშორისო ექსპერტები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე ოფიციალური მოსკოვი დადასტურებით ჯერ არ საუბრობს. ერთადერთი უწყება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა "როსავიაცია," სადაც თქვეს, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელიც იყოფებოდა.

თავად რუსული პროპაგანდისტული არხები დანამდვილებით არ აცხადებენ, რომ პრიგოჟინი გარდაცვლილია. ფაქტის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ბუნდოვანებას საქმეს მატებს ის ფაქტიც რომ კერძო ჯეტის ჩამოვარდნის მომენტში გადაადგილდებოდა პრიგოჟინის კიდევ ერთი თვითმფრინავი.

მომხდართან დაკავშირებით კი საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა შეფასებები გრძელდება. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ პუტინისთვის პრიგოჟინის თავისუფლებაზე ყოფნის თითოეული დღე დამაცირებელი იყო, ამიტომ ცალსახაა, რომ მან "ვაგნერის" ხელმძღვანელი მოიშორა.

"კითხვაზე - გააკეთებდა თუ არა ამას პუტინი? - პასუხია, რომ დიახ. ცალსახად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების მოწამლვის პრაქტიკა, საკუთარ სახლებში თუ საზღვრებს მიღმა. იმ ადამიანების, რომლებიც მოღალატეებად ფასდებოდნენ. პუტინმა კი პროგოჟინს სწორედ ასე უწოდა. კითხვა იმაშია, რატომ დასჭირდა ამას ამდენი დრო? რატომ მოხდა ეს ახლა და არა ივლისში? - ეს საინტერესოა, პასუხი კი გენერალი სოროვიკინის გაუჩინარებასა და მისი სხვა კადრით ჩანაცვლებაში უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ომის მიმდინარეობის თემაზე განხეთქილება არსებობს. სავარაუდოდ, პრიგოჟინისა და სოროვიკინის მოსაზრებები იქ ბევრს ესიმპატიურებოდა. გასული თვე სავარაუდოდ სწორედ ამ პირების მოხსნასა და ჩანაცვლებას მოხმარდა. გუშინდელი დღე კი ალბათ იყო ყველაზე მოკლე ვადა ამის განსახორციელებლად - შემდგომში გართულებების ან აჯანყებების თავიდან ასარიდებლად," - აღნიშნა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, კატერინ სტონერიმ.

ამასთან, საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ პუტინი ღალატს არავის პატიობს.

"ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ," - აღნიშნა ბრიტანელმა ფინანსისტმა, ბილ ბროუდერმა.

 

დღის ამბები