თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი არ იქნება საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან, განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოებას.
"არანაირ კორუფციულ რისკებზე არ არის საუბარი. დღეს ამ პროექტებთან დაკავშირებით სპეკულირება ხდება მხოლოდ სახელით და გვარებით, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ზოგიერთი შენიშვნა, რაც მათ აღელვებთ, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება პროექტებში. დაიდება ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევები უკვე შემდგომ სანებართვო ეტაპებზე. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო იმაში, რომ არც ერთ გადაწყვეტილებას, არც მუნიციპალიტეტი, არც მერია და არც საკრებულო არ მიიღებს ისეთს, რომელიც არ იქნება შესაბამისი იმ საკანონმდებლო ნორმებთან, რომელიც საქართველოში მოქმედებს. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოებას და ყველა წუხილი ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გუშინ სხდომაზე იმყოფებოდნენ გაქარწყლებული იქნება,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.
თბილისის საკრებულოში დღეს რამდენიმე უბანში დაგეგმილ ურბანულ პროექტებზე მსჯელობენ.
პროექტების ნაწილს ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტებმა გუშინ სხდომის და განხილვის გადადებაც მოითხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.