15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
"სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ" - თბილისის საკრებულოში სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

ერთ-ერთი საკითხი რაზეც კამათი იყო, საკრებულოს სხდომაზე აქტივისტების დაშვებას ეხებოდა. ოპოზიციაში განაცხადეს, რომ მოქალაქეების ნაწილს შენობაში არ უშვებენ, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ საპასუხო განმარტება გააკეთა.

სხდომის დაწყებისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განმარტებები მოსთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს - თუ რატომ არ უშვებენ საკრებულოში იმ მოქალაქეებს, რომლებზეც საშვებია დაშვებული იმ მიზნით, რომ სხდომის განხილვას დაესწრონ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის წევრებს განუმარტა, რომ გუშინ, როდესაც თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია კონსტრუქციულად გამოთქვა, თუმცა ამავე დროს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით გამოხატეს პოზიცია. შესაბამისად, ტყემალაძის თქმით, იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც დღეს საკრებულოს შენობაში შესვლას აპირებენ, შოუს დადგმის მცდელობას ემსახურება.

"რომ გადახედოთ სოციალურ ქსელს და მე მგონი ეს თქვენ არ გაგიჭირდებათ, და, ასევე, იმ გამონათქვამებს, რა გამონათქვამებითაც ეს ადამიანები აპირებენ შენობაში შემოსვლას და აქვთ სურვილი დასწრების, თქვენ ნამდვილად იცით, რომ ეს არ არის განხილვაში მონაწილეობა და ეს არის აქ გარკვეული შოუს დადგმის მცდელობა. დღესაც ესწრებიან აქ ადამიანები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი დასწრების და არავის პრობლემა არ შეჰქმნია, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც გამოირჩევა ამგვარი ქმედებებით," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს, გარკვეული პროექტები არ განხორციელდეს.

"შეაყარე კედელს ცერცვი" - ეს არის თქვენი მმართველობის ცენტრალური გამოვლინება. ეს სისტემა, ეს კედელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს. ჩვენი სიტყვები ასე აბუჩად ასაგდები თუ არის, ამას ძალიან მალე ხალხი გაჩვენებთ", - მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს პარტია "ხალხისთვის" წარმომადგენელმა ნინო წულაძემ.

"სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ," - უპასუხა წულაძეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

 

დღის ამბები