რთველთან დაკავშირებით სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რაც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში - ამის შესახებ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბოტკოველს, ციფრები შეახსენა, რომლის თანახმად, 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი მიიღეს.
"პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ ბოტკოველი და საერთოდ "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ადრე მოიკითხავდა სოფლის-მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობის და მეღვინეობის მდგომარეობას. რამდენიმე ციფრს შევახსენებ, რომ მისი პროვოკაციული გამოხტომები ცოტა უფრო მიწასთან დაეშვას. პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი. ეს არის შთამბეჭდავი ციფრი. თუ 2012 წელს, მათი მმართველობის დროს ეს იყო დაახლოებით 35 მლნ ლარი, 2022 წელს ეს იყო 250 მლნ-ი. ამიტომ ციფრები თვითონ ყველაფერზე საუბრობს. ამავდროულად, თუ მათ დროს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30 მლნ ტონა იყო, დღეს ეს ექსპორტი არის 105 მლნ ტონა. აქაც ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ვენახების რაოდენობა არის გაორმაგებული.
ამ რთველთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რა პროგრამებიც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზანი, რასაც ნაცმოძრაობის ქმედება ყველა მიმართულებით და ახლა რადგან რთველი მიმდინარეობს, რთველის მიმართულებით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ. ყველგან და ყველაფერში, სადაც კი ამის საშუალება გაუჩნდებათ, ხელი შეუშალონ პროგრესს და ადამიანებში გააჩინონ ნიჰილიზმი და მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი ვნებები. ეს არის ამის მიზანი და იმის გამო, რომ მას ნიადაგი არ აქვს, კიდევ ერთხელ დარჩება ჩვეულებრივ მედიაში აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიად,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.