ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად - შარლ მიშელის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ 2030 წელს, სრულუფლებიანი წევრობა მოიპოვოს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება კარგად იცის.
"ევროკავშირმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს და როგორია ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება. საქართველოს აქვს გარკვეული ვალდებულებები შესასრულებელი. იმ შემთხვევაში თუ ეს რეფორმები შესრულდება, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს დეკანოიძე.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
"ჩვენი კუთვნილი ადგილი არის ევროკავშირში. სამწუხაროა, რომ ამის მოწინააღმდეგე რჩება "ქართული ოცნება", თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხის ურყევ ნებაში. ჩვენ ამას მოვახერხებთ, მიუხედავად სხვადასხვა წინაღობებისა,"- აცხადებს კირკიტაძე.