15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს-ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად იქნება.

„ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 არის საინტერესო, რადგან არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომელთაც სტატუსი აქვთ 18-12 წლის წინ მიღებული, თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის, რომ შვიდი წელიწადში არის დაპირება, რომ შეიძლება გახდეს წევრი, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„გვაქვს პროგრესი 12 პუნქტის შესრულების მხრივ, გრძელდება მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ პირნათელი ვიქნებით და ყველანაირი საფუძველი იქნება, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50-50-ზე, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზოგადად, კონკრეტული თარიღის დასახელება არ არის ცუდი. რეალურად, 2030 წლისთვის, მაკედონია 18 წლის წინ გახდა კანდიდატი, მონტენეგრო, სერბეთი 10-12 წლის, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა ბოსნია, ამ ქვეყნებს შორის, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფი ზრდა ამ კუთხით. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრის სტატუსის მიღება, ეს იქნება საქართველო“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები