15 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 23 საკითხი განიხილეს. 

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. 

აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში. 

მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდება.

ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის შესახებ. 

განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო  ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს.
ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა,    წყალსაცავის  მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით.

მორწყვის სეზონზე  მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე.

დღის ამბები