შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში",- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.