მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს 9 ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.
"პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს 31 აგვისტოდან გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება და ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრით იწყება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს, ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა ქვეყანაში პოლიტპატიმრები აღარ იყვნენ.
"სწორედ იმ ევროპელი პარტნიორებთან, რომლებთანაც შეხვედრას გეგმავს, მათი არაერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან და პირველ რიგში, განახორციელოს ის ბერკეტები, რომლების მის ხელშია და ამ შემთხვევაში, სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტისა და მთავრობის კამათი, რადგან "საღი აზრი უნდა იყოს უფრო მაღლა ვიდრე რაღაც ფორმალისტური მიდგომა".
"იმ გაგებით, რომ პრეზიდენტს სჭირდება რაღაც თანხმობა, ცხადია რომ არღვევს წესრიგს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში საღი აზრი უნდა იყოს უფრო მაღლა ვიდრე რაღაც ფორმალისტური მიდგომა. ძალიან კარგია თუ პრეზიდენტი ამას აკეთებს, არ მგონია ამით რამე დაშავდეს, მე უბრალოდ ის მიკვირს მთავრობა რატომ უშლის ხელს. რა სარგებელი მთავრობას იმისგან, რომ სალომე ზურაბიშვილ რამდენიმე ლიდერს შეხვდება და ეცდება დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ . ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, ის ცალსახად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უწყობდა ხელს და ჩემთვის გაუგებარია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამაზე ჩხუბი",- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.