ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. საუბარია, შარლ მიშელისა და ევროკომისიის წარმომადგენლის მხრიდან ევროგაერთიანებაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ განსხვავებულ მოსაზრებებზე. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, რომ ევროსტრუქტურების მხრიდან მსგავსი რიტორიკა, აპლიკანტ ქვეყნებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს, რითაც შესაძლოა სკეპტიკოსებმა ისარგებლონ. მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას, მიზნის მიღწევამდე განაგრძობს.
განსხვავებულ განცხადებებს ევროკავშირში მიმდინარე ბუნებრივ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს გირჩი. ახალ პოლიტიკურ ცენტრში ხელისუფლებას ურჩევენ, რომ ეს მომენტი როგორც შანსი ისე გამოიყენონ და გაფართოების მოწინააღმდეგეებთან აქტიური დიალოგი აწარმოონ.
განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის აღქმები. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას ათწლეულებია ელოდებიან ეს ნეგატიური სიგნალია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის გამონათქვამებმა, შესაძლოა კანდიდატ ქვეყნებში ნიჰილისტური განწყობების გაღვივებას შეუწყოს ხელი.
ის, რომ ევროკავშირის შიგნით შესაძლოა გაფართოების მოწინააღმდეგეები არსებობდნენ არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ, თუმცა ნაცმოძრაობა და მისი ახალი პარტნიორი სტრატეგია აღმაშენებელი, ამის გამოც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები სტატუსი მიღების მთავარ დაბრკოლებად სწორედ სახელისუფლებო პარტიას მიჩნევენ.
ოპონენტების რიტორიკას დღეს მმართველი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ უპასუხა და მათ განცხადებებს მავნებლური უწოდა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი სწორედ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ოპონენტების დიდი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს სწორედ სტატუსზე უარს უკავშირებს.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის გაფართოების შესაძლო თარიღად 2030 წელი, სლოვენიაში გამართულ ფორუმზე დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.