15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა გენერალურ პროკურატურაში წერილი შეიტანეს და თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს

თბილისის საკრებულოდან და პარლამენტიდან პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა გენერალურ პროკურატურაში წერილი შეიტანეს. მათ ოფიციალურად მოითხოვეს პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყება თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით.

“მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული, გონივრული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის სამშენებლო პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს 25 აგვისტოს სხდომაზე იქნა დამტკიცებული და შემდგომი პროცედურებისთვის ე.წ. მწვანე შუქო ანთებული „ქართული ოცნების“ მიერ, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის სერიოზულ ეჭვებს და აუცილებელია ამის გამოძიება, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ კომპანიის უკან დგანან „ქართული ოცნების“ შემომწირველები,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაშიძე.

ოპოზიციური პარტიის წევრებს, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი თქმით, კორუფციის ნიშნები საქმეში არ იკვეთება და გიორგი გახარიას გუნდი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„გაჭრილი ვაშლივით ემსგავსებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას. სულ იყო 20 განაშენების რეგულირების გეგმა, იმ დღეს, ესენი საუბრობენ სამზე იმიტომ, რომ მათთვის ამ სამი გენერალური გეგმის უკან არსებობს სახელები და გვარები, არ მოსწონთ უბრალოდ ეს ადამიანები, სახელები და გვარები. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით, რა ფორმითაც იქცევიან გააშავებენ მათ სახელებსა და ჩვენს გუნდა, რაც არის სრული აბსურდი,“ - აცხადებს საკრებულოს ფრაქციის " ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო " თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

დღის ამბები