15 ნოემბერი 2024,   16:07
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება გრძელდება, პარტიას წევრები ტოვებენ - როგორ სჯის ხაბეიშვილი მელიას მომხრეებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული პრობლემები გრძელდება. ბანაკებად დაყოფილი პარტია ურთიერთბრალდებების რეჟიმიდან თვეებია ვერ გამოდის. აღმოჩნდა, რომ ოპონენტ თანაპარტიელებს თავმჯდომარე სოციალურ ქსელებშიც კი ბლოკავს. ხაბეიშვილის მართვის მეთოდებზე, ამჯერად, "ნაციონალური მოძრაობის" თელავის საკრებულოს წევრი ალაპარაკდა. იმედა კევლიშვილმა, რომელსაც 20 წლიანი პარტიული სტაჟი აქვს, ლევან ხაბეიშვილის "ფესიბუკ" მეგობრების გარდა პარტიაც დატოვა.

ნიკა მელიას მხარდამჭერი, გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან სრულ იგნორირებას ასახელებს. ამბობს, რომ ეს პროცესი, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უშუალოდ ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო.

თელავის გარდა, პარტიიდან წასვლის რიგში ახმეტის და სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრებიც დგანან. წამსვლელთა სია, სავარაუდოდ, მალე გაფართოვდება. ხაბეიშვილის პირობებში, პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო წევრების რაოდენობა იზრდება.

პარტიის ახალი თავმჯდომარე, პრეტენზიებს არ პასუხობს. გიორგი ბოტკოველი კი პირიქით, თანაგუნდელებს საბოტაჟში ადანაშაულებს.

თავად მელია და მისი თანამებრძოლები, პარტიის დატოვებას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფაქტორი "ნაციონალური მოძრაობისთვის" დამარცხების გარანტიაა, რასაც პარტიის შიგნით სულ უფრო ბევრი აცნობიერებს.

კახეთის რეგიონი ერთადერთი არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება, უკვე გააფორმა ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა. ზაზა დემეტრაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია მისი მოადგილის წასვლის შესახებ.

ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესი და დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ლევან ხაბეიშვილიც მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა და რეალურად, პარტია კულისებიდან იმართება.

"ნაციონალური მოძრაობა" შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ არაფორმალური მმართველობის მიზეზით არაერთმა წევრმა დატოვა. პარტიაში დაპირისპირება გრძელდება.

დღის ამბები