07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოსახლეობასთან კავშირი უკვე აღდგენილია - აგილზე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებული

სამი გარდაცვლილი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები - გურიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადიდებულმა მდინარეებმა, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა გზები ჩახერგა.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობასთან კავშირი უკვე აღდგენილია. მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მიზნით კი მაშველები ინტენსიურად მუშაობენ. გურიაში, ყველა რთულ მონაკვეთზე ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელიც. სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები და ჰიდროლოგები. სპეციალისტები მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს სწავლობენ.

"62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მსგავსი ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული. თუკი დადგება ვერტმფრენის საჭიროება მზადყოფნაში ვართ,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი თავიანთი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებდა, თუმცა უმეტესი ნაწილის დათანხმება მოხდა და ამ ეტაპზე მათი გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. 

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის თქმით კი, ყველა სოფელში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, არც ერთი სოფელი და არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დარჩება. 

დღის ამბები