20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დამეწყრილი სახლები - გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

შრომისუბნის გარდა წვიმამ და მეწყრის კერების გაჩენამ, ლანჩხუთში არაერთი სოფელი დააზარალა. მათ შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხორეთში, მოედანსა და ქვაბისულში. ამ სოფლებიდან ადგილობრივების დიდი ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ზარალი მოცულობითია.

ჩახერგილია გზები, დაზიანებულია ხიდები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რაც მათ შორის წყალმომარაგებისთვის არის საჭირო. ლანჩხუთის მოსახლეობის იდენტური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ოზურგეთშიც, სადაც სტიქიამ 30 მდე სოფელი დააზარალა.

ადგილობრივი მოსახლეობა "კურიერთან" სტიქიის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აღწერს ზარალს, რომელიც თითოეული სოფლის დათვალიერებისას თვალსაჩინოა.

ორივე მუნიციპალიტეტში გასული დღე-ღამის განმავლობაში ნომერ პირველი ამოცანა ხალხის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა და მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურებს და გეოლოგთა ჯგუფებს უწევთ რისკების განსაზღვრა, სად არის მეწყრული ზონების გააქტიურების რისკი.

სამაშველო ოპერაცია და ხალხის ევაკუაცია გვიან ღამით დაიწყო. მაშველებს და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, ცუდი ხილვადობის და რთული ამინდის პირობებში უწევდათ მუშაობა. პროცესს მონიტორინგს უწევდნენ ოფიციალური პირებიც.

მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. იქ, სადაც ხიდები დაზიანებულია, ხალხს მაშველების დახმარებით მდინარის გადალახვა უწევს. ევაკუირებულთა ნაწილი მუნიციპალურმა სამსახურებმა სასტუმროებში განათავსეს. ნაწილი, ვინც დროებით საკუთარ ნათესავებთან და ახლობლებთან დარჩენა გადაწყვიტა, დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს.

დაზარალებულების განთავსების და ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები გზების გასაწმენდად, ასევე წყლის და სხვა კომუნიკაციების მიწოდების მიზნით.

გურიის რეგიონის ათობით სოფელში, ზარალს მოგვიანებით დაითვლიან. მანამდე, კვლავ დიდი მოცულობის სალიკვიდაციო სამუშაოებია დარჩენილი. მოქმედებს ცხელი ხაზი იმისთვის, რომ სამაშველო და მუნიციპალურ სამსახურებს ადგილობრივებმა საჭიროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. საგანგებო შტაბში ადასტურებენ, რომ კომუნიკაცია ყველა დონეზე ხელმისაწვდომია და მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

დღის ამბები