07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
"რთულ წერტილად რჩება ჩოჩხათის თემი" - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

გურიაში სტიქიის ზონაში, მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნიდან 17 მოქალაქე გამოიყვანეს. სასტუმროში მოათავსეს 110 ადამიანი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ორასზე მეტი მოქალაქე.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ამ დრომდე რთულ წერტილად რჩება ჩოჩხათოს თემი, სადაც ძალიან ბევრი გზა არის დაზიანებული.

მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში რამდენიმე ტერიტორიის გაწმენდა ვერ მოხერხდება, რადგან იქ დამატებით ინჟინრების ჩართვაა საჭირო.

"დილის მონაცემებით, 142 კაცი გვყავს გადმოყვანილი სხვა ადგილზე. 110 მოქალაქე არის განთავსებული სასტუმროებში. ორი დღის მანძილზე გეოლოგების მიერ დაახლოებით 220 ლოკაციამდე იქნა შესწავლილი, მათ შორის არის 100 სახლი. გაცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც მიყვება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ვასრულებთ, ამ ეტაპზე, რაც შესაძლებელია. რთულ წერტილად რჩება ჩოჩხათის თემი, სადაც ძალიან ბევრი გზა არის დაზიანებული. გეოლოგების რეკომენდაციით, რამდენიმე ადგილზე გაწმენდა ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ დამატებით ინჟინრების ჩართვა იქნება საჭირო", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიის ზონიდან დღესაც დაუკავშირდა ცხელო ხაზს რამდენიმე მოქალაქე, რათა უსაფრთხო ადგილას გადასვლა შესძლებოდა.

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები აღდგენილია, ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების აღდგენა. რაც შეეხება გაზიფიცირებასა და ელექტროენერგიის მიწოდებას, დღის განმავლობაში 95% აღდგენილი იქნება. კვლავ მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა, გუშინ 17 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, საერთო ჯამში 200 ადამიანია ევაკუირებული. დღესაც განხორციელდა ცხელ ზარზე რამდენიმე ზარი და რამდენიმე ადამიანი კვლავ ითხოვს გაყვანას. როდესაც სოფლებში დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, უკვე მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად დაიწყებენ მუშაობას და დაგეგმარებას, თუ როგორ უნდა მოხდეს აღდგენითი სამუშაოების ჩატარება", - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა.

დღის ამბები