"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კერძო ფრენების ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე მართალი რომ ყოფილიყო, ამაზე საქმე აუცილებლად იქნებოდა აღძრული. მისივე შეფასებით, ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, გადაიფაროს ინფორმაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული ფრენის შესახებ.
"ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, რომ გადაფაროს ღარიბაშვილის ეს ჩარტერული რეისი, რომელიც დაჯდა იმდენად კოლოსალური თანხა, რომ თვითონ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვისაც კი არის შოკი. თამაზ გაიაშვილს იმდენად ნული აქვს ავტორიტეტი, რომ საკუთარ ოჯახის წევრებს არ სჯერათ ხოლმე, რასაც საუბრობს. ახლა დავიწყოთ ფაქტებით: თქვენ რასაც მესაუბრებით, ეს რომ ასე იყოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ ციხეში და საქმე უნდა იყოს აღძრული. ვითხოვთ, რომ საიდუმლო გრიფი აეხსნას ყველაფერს იმას, რაც უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ ზუსტად, თუ რაზეა საუბარი,"- განაცხადა ანა წითლიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ინტერესებზე წინ პირადი ინტერესები არასდროს არ დაუყენებია.
"პირადი არა კვახი კიდევ რა, რა პირადი ფრენები, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილს ფრენას და მოძრაობას ნუ დაუთვლით, თორემ მაგ ფრენასა და მოძრაობაში აშენდა ეს ქვეყანა. კიდევ გეუბნებით, ნუ დაუთვლით, რადგან მაგაში თქვენ გაიჭედებით ისევ, ვინც ეს ინფორმაცია მოგცათ, იმათ ვეუბნები. Georgian Airways-ს დიახ, ბევრი მუშაობა უწევდა, რადგან ტემპი ისეთი იყო ქვეყნის განვითარების, რომ გაცილებით მეტი მუშაობა უწევდა. მიხეილ სააკაშვილს არასდროს საქართველოს ინტერესებზე წინ პირადი, ოჯახის ინტერესები არ დაუყენებია,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე. თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები ან ისეთი ფრენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილისთვის მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფდა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის დავალებით. ფრენებისთვის, რომელიც სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელდა, ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია 14 მილიონი ლარი.