15 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
დაიწყება თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე - ჯუანშერ ბურჭულაძე "კურიერთან" ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან, ექსპრეზიდენტის კერძო ვიზიტებზე მილიონობით ლარია დახარჯული

"ჯორჯიან ეარვეისში" ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კერძო ვოიაჟები, საზღვარგარეთ, თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა. საუბარია გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თავის დროზე თავდაცვის უწყებასა და "აირზენას" შორის იყო გაფორმებული. შეთანხმება 24 მილიონი ლარის ფარგლებში ექსპრეზიდენტის პირადი ვიზიტების, ან მისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან მომსახურების გაწევის ხარჯებს უზრუნველყოფდა. თამაზ გაიაშვილი იხსენებს, რომ ყოველწლიურად სააკაშვილი და მისი ახლო გარემოცვა ასამდე რეისს ახორციელებდა. "აირზენას "დამფუძნებლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კერძო მომსახურებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტს 14 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწია.

მიხეილ სააკაშვილის მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. "ქართული ოცნების" ლიდერები საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტისა და მისი ახლო წრის მხრიდან, ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა ყოფილი ხელისუფლებისგან არავის უკვირს.

სააკაშვილის კერძო ვოიაჟებზე დახარჯული მილიონების არ სჯერათ "ნაციონალურ მოძრაობაში". ექსპრეზიდენტის პარტია დოკუმენტებზე გრიფის მოხსნას ითხოვს.

საქმის საგამოძიებო სტრუქტურებში გადაგზავნას არ გამორიცხავს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძე "რუსთავ 2-თან" ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის კერძო ვიზიტებზე მილიონობით ლარია დახარჯული.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს "კურიერთან" არც ის გამორიცხა, რომ უწყებამ ჩარჩო ხელშეკრულებას გრიფი მოხსნას. მინისტრის თქმით, სააკაშვილის ვიზიტები საკურორტო ზონებში, მათ შორის კოლუმბიაშიც კი ახლო გარემოცვასთან ერთად სერიოზულ კითხვებს აჩენს. ბურჭულაძემ იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობაზეც გააკეტა აქცენტი.

დაიწყება თუ არა თავდაცვის სამინისტროსა და "ჯორჯიან ეარვეისს" შორის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიება, უცნობია. ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 4 საქმე არსებობს. მათ შორის 1 აუდიტის დასკვნის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ეხება. დასკვნაში საუბარია ექსპრეზიდენტის კერძოო ვოიაჟებზე, მათ შორის სენტროპეში, ნიცაში, მილანსა და ტაილანდში.

დღის ამბები