15 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
როცა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 10 წელია საჯარო სამსახურში არ არის და მას ასანქცირებ, აქ ბუნებრივია პოლიტიკური მიზანი მარტივი წასაკითხია - გურამ მაჭარაშვილი ფარცხალაძეზე

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია სიას გააფართოებს.

მოვლენების მსგავს განვითარებას გამორიცხავს "ქართული ოცნება".

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, გამართულად მუშაობს და ამას უცხოელი პარტნიორებიც ადასტურებენ.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცახდებით, ფარცხალაძეს 2013 წლიდან ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის გარდა, მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მოკვლევა საკითხზე უკვე დაწყებულია. 

"ფარცხალაძე 11 წელია უკვე პოლიტიკის გარეშეა და მას შემხებლობა არ აქვს არანაირი. ის არის კერძო პირი, არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კავშირი ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ გაჟღერებულა. რამ განაპირობა მისი სანქცირებულთა სიაში შეყვანა, ამასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყება. რადგან აშშ-ს პრესპიკერის განცხადებაში იყო ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ადამიანს, რომელიც 10 წელია არცერთ საჯარო სამსახურში არ მუშაობს, პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება. 

"როდესაც საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 10 წელია საჯარო სამსახურში არ ჩნდება და არც არის განსხვავებით კეზერაშვილისგან და მას ასანქცირებ, აქ ბუნებრივია პოლიტიკური მიზანი მარტივი წასაკითხია. ესეც რომ არ იყოს, ეს ენმ-მ უკვე პირდაპირ გაშიფრა, რადგან თქვა, რომ ეს არის აშშ-დან გამაფრთხილებელი სიგნალი ხელისუფლებისთვის. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც არ ჩნდება, მედიაში არსად ოპერირებს, როგორ შეიძლება მას გავლენა ჰქონდეს პოლიტიკაში, ამის ხომ არავის სჯერა?" - აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები