15 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძე, სანქცირების შემდეგ, სამართლებრივ დავას გეგმავს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული - მან "კურიერს" ექსკლუზიურად წერილობით უპასუხა

დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე და ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი. ფარცხალაძის გარშემო ატეხილი სკანდალი, "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ომის პარტიის დამსახურებაა. მათი თქმით, მსგავსი სკანდალი მხოლოდ ქვეყნის მოღალატეებს შეეძლოთ პოლიტიკურ იარაღად გამოეყენებინათ.

მმართველ გუნდს ახლა ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზებზე უფრო მეტი დეტალი აინტერესებს. ინფორმაციას ისინი შესაბამისი უწყებებიდან ელოდებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

მოკვლევის დაწყებას არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფარცხალაძე ხელისუფლებაში გავლენებს ჯერ კიდევ ფლობს, ამიტომ, დასანქცირების ფაქტი, მათი თქმით, ქვეყნისთვის საზიანოა.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მიღმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პოლიტიკური მიზანი დაინახეს. პარლამენტის წევრები დღეს განმარტავდნენ, რომ ყველა სტრუქტურა საქართველოში, რომლებიც სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, გამართულად მუშაობს და ამას უცხოელი პარტნიორებიც ადასტურებენ. დეპუტატებს მაგალითად შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორების ჯგუფის თბილისში ვიზიტი და მათი დასკვნა მოჰყავთ.

რა პასუხი აქვს თავად ოთარ ფარცხალაძეს? - ის საკუთარ პოზიციას "კურიერს" წერილობითი კომენტარის სახით უგზავნის. ფარცხალაძე განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტები აქტიურად ცდილობენ მისი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას.

ოთარ ფარცხალაძე წერილში აღნიშნავს იმასაც, რომ სამომავლოდ სიმართლის დასადგენად, მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ფარცხალაძეს წერილში სახლემწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან რამდენიმე ციტიტა მოჰყავს, რომელც მისი თქმით, არადამაჯერებელია.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. მის გარდა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები. ფარცხალაძე, სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ქართველ-რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. დოკუმეტში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძის მიმართ საკუთარ ბერკეტებს იყენებდა, რათა გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

დღის ამბები