06 ოქტომბერი 2024,   16:42
ვრცლად
ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია, ხაბეს ადგილას იჯდა და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს გვერდზე, მანჯგალაძე - ირაკლი ზარქუა

კამათი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დაპირისპირება პაატა მანჯგალაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მანჯგალაძის რეპლიკას მოჰყვა.

"პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ ფარცხალაძეზე თქვა კაცური კაციაო. თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო "ბოტასების" ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი, თუ შეიძლება ხელი აწიეთ. თქვენისთანა ხალხის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე და ნახავთ ამ პერიოდს თქვენ", - განაცხადა "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შევიდა, თუმცა ერთადერთი შერჩა - პაატა მანჯგალაძე.

"ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს გვერდზე - მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად იმიტომ, რომ მოასკუპდნენ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთად. მკვდარი მკვდარს აეკიდაო მაგათზეა ნათქვამი. ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, ის მანჯგალაძე. მსხვერპლია, იმასაც გავათავისუფლებთ მალე. პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაკეთებული განცხადებების შემდეგ "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა ოპოზიციას დარბაზშივე უპასუხეს და წარსული შეახსენეს.

"გეყოლებათ ცოცხალი გმირები, რომ ახსენეთ წეღან: გია ლორთქიფანიძე, რომელიც მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების უსასტიკეს დარბევაში 26 მაისს თბილისში 2011 წელს. თქვენი ცოცხალი გმირები, როგორიც არის მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე, კოხტა კოდუა, ადამიანები, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებასა და წამებაში არიან მრავალგზის მხილებული და მსჯავრდადებულები; ადამიანები, რომლებიც ადამიანების ზღვაში გადაგდებაში არიან მსჯავრდადებულები, აი ეს არიან თქვენი გმირები და გეყოლებათ, მაგრამ ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში," - აცხადებს "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები