"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და საჭიროა ყველა დოკუმენტის გამოთხოვა და შესწავლა, მანამდე კი მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
კობახიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ თუ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში შესაბამის პირზეც ვრცელდება სანქციები და თუ მწკიცებულებები არსებობს, ოპოზიციას სანერვიულო არაფერი აქვს.
"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომ საუბრობენ ისინი ამ ყველაფერზე - იმიტომ საუბრობენ, რომ მათთვის არც სახელმწიფო არსებობს და არც საქართველოს მოქალაქე არსებობს. ისინი არიან უცხოელი აგენტები და მათთვის არსებობს მხოლოდ დავალებები. მათ ერთადერთი მოტივაცია ეს არის. ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც თავიდან ბოლომდე არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ადამიანის უფლებების სფეროში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს, საკუთრების უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა მოქმედებდეს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
წინა ხელისუფლებას რაც შეეხება, გახსოვთ მათი დამოკიდებულება, როგორც საკუთრების უფლების მიმართ, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ. აქედან, მთავარი უფლება რაც ირღვეოდა იყო საკუთრების უფლება, ბიზნესის რეკეტის სახით და ასევე გახსოვთ მათი დამოკიდებულება უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ. უდანაშაულო ადამიანებით იყო გადავსებული ციხეები.
გამოძიება დაწყებულია, ამ გამოძიების ფარგლებში საჭირო იქნება ყველა ინფორმაციის გამოთხოვა, ამ აგენტობასთან დაკავშირებით. თუ მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, რაზე ნერვიულობენ. თუ არსებობს მტკიცებულებები, რა ანერვიულებთ. პირდაპირ წერია ეროვნული ბანკის ბრძანებაში, რომ თუ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში შესაბამის პირზეც ვრცელდება სანქციები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.