15 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
თუ ვინმეს რაიმე შუღლი და პრობლემები აქვთ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, ეს პოლიტიკური საკითხი საერთოდ არ არის - ზარნაძე გლდანის დაპირისპირებაზე

გლდანში მომხდარ თავდასხმაში, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ- კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს. "კურიერთან" ინტერვიუში, კოტე ზარნაძე ძალადობასთან კავშირს უარყოფს და ბრალდებების აბსურდულობაზე საუბრობს.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პირები, ვინც ირაკლი ეძგვერაძეს დაუპირისპირდნენ, წარსულში, სწორედ ეძგვერაძის ახლო მეგობრები იყვნენ.

ზარნაძის ინფორმაციით, კონფლიქტიც მათ პირად ურთიერთობას უკავშირდება.

"რასაც ვუყურე მის გამოსვლას, ისეთ სახელებს და გვარებს ასახელებს სავარაუდო დამნაშავეებად, რომლებიც მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ნათელმირონობა აკავშირებდათ, მეჯვარეობა აკავშირებდათ. თუ ვინმეს რაიმე შუღლი და პრობლემები აქვთ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, ეს პოლიტიკური საკითხი საერთოდ არ არის. ეს კონკრეტული ქმედება, რაც მოხდა ყველაზე მეტად გვაზარალებს ჩვენ - მმართველ პარტიას", - განაცხადა კოტე ზარნაძემ.

"ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დაპირისპირებას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ ვითარებასთან.

"ყველაფერი ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ არანაირ პოლიტიკურ ან კონკრეტულ ინტერესებთან დაკავშირებით არ მომხდარა ეს ინციდენტი და მის პირად გარჩევებთან არის დაკავშირებული. ცემის ფაქტი, რა თმა უნდა, არ უკავშირდება პოლიტიკურ ვითარებას, თუმცა, რაც ძალიან გვადარდებს, არის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სისტემატურად პოლიტიკური ველის დაძაბვის და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანის მცდელობა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.

"ადამიანი, ვინც სახელმწიფოს უყენებს ბრალდებას, რამდენადაც ირკვევა საჯარო წყაროებით, წარსულში ნასამართლევია. გამოძიებამ, რა თმა უნდა, უნდა გადაამოწმოს თუ რა მოხდა რეალურად. რადიკალური ოპოზიცია, როგორც წესი, მიმართავს სპეკულაციას და ამასაც იყენებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები