15 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ჩვენ ვიცით, ქალბატონი სალომე საქართველოს ინტერესების შესაბამის განცხადებებს არ აკეთებს - ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნებში მმართველი გუნდის წევრები აფასებენ - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიზიტების დროს საქართველოს ინტერესების შესაბამის განცხადებებს არ აკეთებს.

„თანხმობა არა აქვს მთავრობისგან, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ქალბატონი სალომე საქართველოს ინტერესების შესაბამის განცხადებებს არ აკეთებს. პარლამენტში იყო წარმოდგენილი და თქვა, რომ ფსევდორეფორმებს ატარებენო და არ იმსახურებსო ეს ხელისუფლებაო. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ეს ქალბატონი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და არ არის მიზანშეწონილი საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ მწვანე შუქი ჰქონდეს ვოიაჟებში, მაგრამ არა, ჯიუტად მაინც დადის. უბრალოდ მოგზაურობს, ახლა სეზონი აქვს. მისი ყველა ვიზიტი არის ანტიკონსტიტუციური. დავაფიქსირეთ, რომ არავის ეპატიება კონსტიტუციის დარღვევა.

დანარჩენი აგერ არის ლუსტრაცია ოპოზიციის. ხან მოღალატეს იძახიან, ხან რუსეთის აგენტს, ხომ ასე ეძახდნენ ქალბატონ სალომეს, როცა ავირჩიეთ. თუ ასე ფიქრობთ, აგერ არის ბურთი და მოედანი და მაშინ მხარი დაუჭირე იმპიჩმენტს.

ერთ თამაშში არიან მავნებლები, რომ [შექმნან] ქაოსი, არეულობა და ამით ხელისუფლებაში ოპოზიცია მოიყვანონ. გამორიცხულია,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები ქვეყნის ევროპულ არჩევანს აზიანებს.

„ფაქტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილის ვოიაჟი საზღვარგარეთ პირდაპირ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლდოვას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ სანქციებს არ არის შეერთებული რუსეთის წინააღმდეგ. მისი შეხვედრის შემდეგ ზუსტად მსგავსი განცხადებები მოვისმინეთ. როდესაც პრეზიდენტს აქვს შეხვედრები და ამავე შეხვედრის შემდეგ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც აცდენილია როგორც 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას, ასევე ასოცირების დღის წესრიგს - ეს უკვე არის დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ვიზიტებზე მისი სასაუბრო არის ჩვენი ქვეყნისა და ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო და საზიანო.

ნებისმიერი იურისტი, ვისაც აქვს პროფესიული რეპუტაცია მხოლოდ ერთი სახის პროგნოზს გააკეთებდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები