15 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
მორიგი ბრალდება ტრამპის წინააღმდეგ - რას პასუხობს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ საქმეს და ემუქრება თუ არა მას ბიზნესსაქმიანობის ლიცენზიის შეჩერება

ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ, არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი თაღლითობისთვის არის პასუხისმგებელი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და მისი საოჯახო ბიზნესი, ქონების და სხვა აქტივების ღირებულებას უკანონოდ ზრდიდნენ, რათა კრედიტები შეღავათიანი პირობებით მიეღოთ და სადაზღვევო კომპანიებიც შეცდომაში შეეყვანათ. სამოქალაქო საქმე, ტრამპის და მისი შვილების წინააღმდეგ, სასამართლოში, შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლატიშა ჯეიმსმა ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში შეიტანა.

გენერალური პროკურორის სარჩელის მიხედვით, დონალდ ტრამპი საკუთარ ქონების ღირებულების შესახებ გაბერილ ფასებს ასახელებდა. ფლორიდის მარ ა ლაგოს რეზიდენცია, 600 მილიონ დოლარად ჰქონდა შეფასებული, მაშინ როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 27 მილიონი დოლარია. წარდგენილ ინფორმაციაში ტრამპმა სამჯერ გაზარდა ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე, ტრამპ თაუერში მდებარე მისი ბინის ფართობიც და ფასი 207 მილიონით გააძვირა. საერთო ჯამში, მანიპულაციებით, აქტივების ღირებულება ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარზე მეტით იყო გაზრდილი. პროკურორი ამ სამოქალაქო საქმეზე, ტრამპისგან 250 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

მოსამართლის გადაწყვეტილება, თაღლითობისთვის მხოლოდ ფინანსურ ჯარიმას არ ითვალისწინებს. საუბარია ბიზნეს საქმიანობის ლიცენზიების შეჩერებაზეც, რაც გაურთულებს ტრამპს საქმიანობას ნიუ იორკის შტატში, სადაც მისი ორგანიზაციის სათავო ოფისია და ტრამპს უძრავი ქონების ინტერესები აქვს. ყოფილმა პრეზიდენტმა მოსამართლე ენგორონს შეშლილი უწოდა. ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ამტკიცებს, რომ ყველა გარიგება მაღალშემოსავლიანი იყო და მის წინააღმდეგ დევნაში ისევ დემოკრატებს ადანაშაულებს.

სასამართლოს გადაწყვეტილება გაუიოლებს საქმეს შტატის გენერალურ პროკურორს, წარადგინოს თაღლითობით მიყენებული ზარალი სასამართლო პროცესზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

 

დღის ამბები