15 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში - მამუკა მდინარაძის განმარტება

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ რატომ შეაჩერა თავისი პროგრამა საქართველოში მსოფლიო სავალუტო ფონდმა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს მოხდა დაახლოებით, 4 თვის წინ და უკავშირდებოდა ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე პრეზიდენტის დანიშვნას. მისივე განმარტებით, ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

"გაზაფხულზე იყვნენ სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩამოსულები და უაღრესად პოზიტიური შთაბეჭდილებით წავიდნენ, იმდენად ყველა პარამეტრი წესრიგში იყო და გაკვირვებას გამოთქვამდნენ. წეღან ჩემს უფროს მეგობარს, პაატა კვიჟინაძეს ვეკითხებოდი დეტალებს, რომ რაღაც არასწორად არ მეთქვა ეთერში სანამ მოვიდოდი და მითხრა, რომ გაკვირვებას გამოთქვამდნენ, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ პანდემიის შემდეგ 1 წელიწადში დაბრუნებოდა ყველა ისეთ ნიშნულს, რაც შემდეგ მყარ გარანტიებს იძლევა ფინანსური სიმყარის, სისტემის მდგრადობის და ა.შ. კუთხით. ყველა პარამეტრი იყო მწყობრში. ანთების შემდეგ რომ ძალიან სწორად იმკურნალებ და მალე ყველა ანალიზი ადგილზეა, დაახლოებით ასეთია მოცემულობა.

შემდეგ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, რომ სისტემურად სწორად მოგვეყვანა ჩარჩოში ყველაფერი და პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი შემოგვეტანა, როგორც ასეთი. ერთ კითხვას დავსვამ რიტორიკულს: ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ხომ შევხედეთ, ერთ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტა და სამივე ვიცეპრეზიდენტმა ერთ დღეს, ორი საათის ინტერვალში დაწერა განცხადება, ჩამოშლილი იყო თუ არა ეროვნული ბანკი?! რომ არა იმ დროს ის გადაწყვეტილება.

მოკლედ, იმით შესახებ, რომ დროებით შეჩერებულიყო სავალუტო ფონდის პროგრამა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო დაახლოებით, 3 თუ 4 თვეა გასული, მაშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა. "ნაცებს" ხომ სჩვევიათ, თავის დროზე 3-ჯერ და 4-ჯერ რომ ხსნიდნენ შენობებს ყველა მხრიდან, ზაფხულში აწიეს ეს თემა და ახლა ხელახლა, ისე წერდნენ "ფეისბუქში", თითქოს 2 დღის ამბავი იყო, არადა, რამდენიმე თვის ამბავია. ანუ, ორჯერ გაპიარებული თემა მესამედ, ისევ ნეგატიურ კონტექსტში გააპიარეს.

მოლაპარაკებები არის, პოზიტიური მოლოდინებია, მოვლენებს არ გავასწროთ წინ. ვიღაცებმა ისიც იკადრეს "ფეისბუქში", რაღაც ასობით მილიონებზე ლაპარაკობდნენ, არანაირი ასობით მილიონებზე აქ არ არის საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ფონდისათვის თავად, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი, რომ ისინი ყველა ქვეყანაში იყვნენ და დახმარება გაუწიონ ამ ქვეყნებს.

აქ არ არის კონკრეტულ თანხებზე საუბარი, პროგრამა მოიცავს უამრავ დეტალს. ერთ-ერთი კომპონენტი არის, 280 მილიონზეა საუბარი იმ შემთხვევაში თუ, რეზერვი დააკლდება. ჩვენ მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ რეზერვი ბოლო პერიოდში, ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ამიტომ სავალუტო ფონდის პროგრამა არ გვინდა, ამას ხომ არ ვიძახი, პირიქით, ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და წლის ბოლომდე ვფიქრობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს აღდგება",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები