სავალუტო ფონდის ერთ-ერთი პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების კითხვას პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს. პრემიერის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა უბრალოდ შეჩერებულია.
"სანერვიულო არაფერი არ გვაქვს, არც საბანკო სისტემას და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს და თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ავრცელებდა დეზინფორმაციას მსოფლიოში და სააკაშვილის დედა აფინანსებდა მილიონიან კამპანიას, რათა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო.
რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს უბრალოდ შეჩერებულია. როდესაც კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი, ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც ძალიან მალე მოგვარდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვა დაისვა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, სადაც ის ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს მწვავედ აკრიტიკებდა.
"ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა. მე მახსოვს "ქართუ ბანკის" გაკოტრების მცდელობის საქმე. ჩართული იყო პირადად ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ლაპარაკობს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა? ამიტომ ამ ადამიანებისგან ჩვენ არანაირ კრიტიკას არ მივიღებთ. რომ ლაპარაკობენ, რატომ ლაპარაკობთ და იხსენებთო, იმიტომ ვლაპარაკობთ და ვიხსენებთ, რომ ამ ადამიანებს, ამ ყველაზე ანტიეროვნულ ძალას დღესაც კი აქვს სურვილი, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ არის მიუღებელი მათი ეს განცხადებები. ნამდვილად ასე უნდა ითქვას, რომ მით უმეტეს მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებისგან რაიმე განცხადება და ვინმეს კრიტიკა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.