ირლანდიაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ქალაქ დუბლინში, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია მიმდინარეობს განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის სპიკერები შეთანხმდნენ, რომ განახლდეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, რაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრებს გულისხმობს.
"ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან კარგი და სტრატეგიული ურთიერთობა არსებობს. შეხვედრაზე ამ ურთიერთობების დინამიკას ხაზი გაესვა. ორი ქვეყნის სპიკერები შეთანხმდნენ, რომ განახლებული იყოს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, რაც გულისხმობს – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრებს. ასევე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის არსებულ დღის წესრიგს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ თურქეთთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს, თუმცა კიდევ მეტი შესაძლებლობაა, რომ ეს თანამშრომლობა გაიზარდოს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამას ორივე მხარე ხელს შეუწყობს. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც რეგიონშია შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე გარემოში ჩვენ გვქონდეს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და კონსულტაცია სტრატეგიულ პარტნიორთან თურქეთთან," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას დღესვე ექნება აუდიენცია ირლანდიის ზედა პარლამენტის თავმჯდომარესთან. პარლამენტის სპიკერმა მანამდე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში, სადაც ის სიტყვით ორჯერ გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დემოკრატიის გამოწვევებზე.
შედგა ორმხრივი შეხვედრებიც, შალვა პაპუაშვილი უკვე ესაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. შეხვედრა გაიმართა ირლანდიის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის და ესტონეთის სპიკერებთანაც - საუბრის მთავარი თემა, ევროინტეგრაცია და ის ნაბიჯები იყო, რაც ქვეყანამ სტატუსის მოსაპოვებლად გადადგა.