"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, ქვეყანაში დაგეგმილი დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის საქმეზე, მორიგი ფარსია და ქვეყანაში მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ემსახურება.
"ეს გამოძიება ყოველთვის იწყება და ნიშანდობლივია, რომ წინასაარჩევნოდ იწყება, მაგრამ მერე ვერავის გამოვლენა ვერ ხდება. ამიტომ, ესეც იქნება მორიგი ფარსი, რომელიც რეალურად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას, რომელიც პრობლემურია," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაშიფრულია გეგმა, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი. გეგმის ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებულია ორგანიზაცია "კანვასი," რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ტრენინგებს ატარებენ.